x

Leqsebi Axal welze / ლექსები ახალ წელზე

Leqsebi Axal welze / ლექსები ახალ წელზე

გოზინაყი

დათვმა თაფლი მოიტანა,
ტკბილი, როგორ შაქარი.
ციყვმა ზამთრის მარაგიდან
გაარჩია კაკალი.


კურდღელი ჭრის ნიგოზს, ხოლო
თაფლს ადუღებს მელია...
გააკეთეს გოზინაყი –
უჰ, რა გემრიელია!


დაურიგეს ტყეში ყველას –
დიდებსა და პატარებს.
მეც მარგუნეს, ხოლო ცოტა
თქვენთან გამომატანეს...


საახალწლო სიზმარი


ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.


ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.


გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.


თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.


ასე ჩუმად რად მოდის
თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის,
დღე რატომ ვერ ვხედავ?


ნატვრადა მაქვს ქცეული
თოვლის პაპის ნახვა...
კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..


ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ


ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან –
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.


ნაძვი მორთეს, ათასფერად
ციმციმებს და ანათებს.
ნაძვის ძირში ალაგებენ
საახალწლო ბარათებს.


უხარიათ ხეზე ჩიტებს,
სოროში კი თაგუნებს:
– მალე მოვა თოვლის პაპა
და ჩვენც რამეს გვარგუნებს.


სწორედ მაშინ, ტყის საათმა
თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა,
ატყდა ერთი ჟრიამული,
რა გგონიათ, რა მოხდა?


რისი სანტა, რა კლაუსი,
წამოვიდა თოვლი და
თეთრი წვერით, შავი ნაბდით
თოვლის პაპა მოვიდა.


მის გარშემო შეიკრიბა
ყველა, ტყეში ვინც არის.
ვის რა ერგო საჩუქარი,
აბა, გამოიცანით!


დათუნიას – განა თაფლი?
მისცა ჭრელი ბალიში.
მაინც სძინავს მთელ ზამთარს და
თათის ლოკვას არ იშლის.
მგელს აჩუქა რადიოლა,
– დამიფასებ ამაგსო,
ღამღამობით რომ ყმუიხარ,
მოუსმინე ამასო.


ჩამოაცვა გრძელ ყურებზე
კურდღელს დიდი სათვალე
– ბაჭიები არ დაკარგო,
გაიკეთე, დათვალე!


კალათბურთის სათამაშოდ
ჟირაფს ერგო ბურთი და
ზღარბს – ძაფები ათასფერი,
ჯადოსნური ყუთიდან.


წიგნი მისცა ზღაპრებისა
მელაკუდა-მელიას
– წაიკითხე არაკები,
შენ თუ გამოგელია.


ლომს აჩუქა მაკრატელი,
– არ გამიწყრე ამაზე,
მეფე ხარ და დაგჭირდება,
ფაფარს გაილამაზებ.


სარკე მისცა მაიმუნს და
ტურას – დიდი საყვირი,
სავარცხელი – ოფოფს, ზებრას _
ზოლიანი აღვირი.


სპილოს აძლევს კბილის ჯაგრისს
– დაიხეხე ეშვები!
ჩიტებს – ლამაზ პარაშუტებს
– ძირს ამით დაეშვებით!


საჩუქარი ჭრელ ხურჯინში
ყველასათვის აღმოჩნდა.
მერე ისევ ჩაყო ხელი,
მგონი, რაღაც გამორჩა...

ჰო, ახალ წელს, გაგონილა,
ტკბილეული არ იყოს?
რა თქმა უნდა, კანფეტებიც
უნდა ჩამოარიგოს.


მთელი ღამე ლხინი ჰქონდათ
უღრანი ტყის ბინადართ...
მაგრამ დილით, თოვლის პაპა
ისევ გაუჩინარდა.

ვასილ გულეური



დაგვიზამთრდა, დაგვიზამთრდა!

შეხე პეპლებს, ფრთათეთრ პეპლებს, _
ხეებს ირგვლივ ევლებიან,
ეს თოვლია, თოვლი მოდის,
განა მართლა პეპლებია!

ეს ზამთარი მობრძანდება
თეთრწვერა და თმაჭაღარა,
გუნდამ, ციგამ, თოვლის კაცმა _
ყველამ ერთად გამახარა.


კოდალა ციყვებთან

ათოვს წაბლს და ათოვს მუხას,
ტყე ფიფქებით დაბინდულა.
ციყვი თავის პატარებით
ფუღუროში შეყუჟულა.

შეფრენილა ხეზე ჩიტი
ხეკაკუნა, გრძელნისკარტა,
კოდალაა, ხომ იცანით?
უკაკუნებს, ხის კანს ფანტავს.

ამ ხმაურზე გამოვიდა,
ტყეს მოავლო ციყვმა თვალი.
_ ხეკაკუნავ, გამარჯობა,
დაანებე ამ ხეს თავი,

მერე სხვა დროს მოიძიე
ეგ მატლები და ჭიები,
ნუ ხმაურობ, ეს-ესაა,
დავაძინე პაწიები.

მოდი, ჩვენთან შემობრძანდი,
არ ჩაგივლის ეგ დრო ფუჭად,
გაგათბობ და სადილადაც
რკოს მოგართმევ თხელნაჭუჭას...

ზის კოდალა ფუღუროში,
რკოს არჩევს და ციყვებს ართობს,
გარეთ თეთრი ზამთარია,
მდუმარე ტყეს მშვიდად ათოვს.



საახალწლო


მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
პირი ჩაგვიკოკლოზინა.


პირველთოვლობა


სიხარულით ჩამომართვა
თოვლმა თეთრი თათები...
მაგრამ, ხელი გამეყინა,
შევალ, ცეცხლთან გავთბები.


ნაძვის ხე



პირველად ნახა მარინემ
კოხტად მორთული ნაძვის ხე
და უკვირს: ოქროს კაკლები
ტოტებმა როგორ დაისხეს?
საიდან გაჩნდა სასწრაფოდ
ფარნები ფერად-ფერადი,
თოვლის პაპა და ბუშტები,
ან თვითონ ნაძვი ჭერამდი!
- რამდენი სათამაშოა! -
თვალებს აცეცებს მარინე:
- ნეტავი სულ მაცქერინა,
ამაღამ რა დამაძინებს!



მეკვლის დალოცვა



სიხარულით მოვიტანე,
მოველ ომახიანად
დაგილოცოთ ეს ოჯახი
ქრისტე-ღმერთმა მთლიანად!


მუდამ გქონდეთ დასახნავი
დასათესი,
სამკალი...
ნოყიერი იყოს თქვენი
სადილი და სამხარი!


გაგიმრავლდეთ ნათესავი
სოფლადა და ქალაქად,
არ დააკლდეს ყველა თვენგანს
ღალა,
ხვავი,
ბარაქა!


მტერს მტრობა არ შეარჩინოთ
დარჩით უფლის მორჩილი,
გაგიმრავლოთ საიმედოდ
ქალ-ვაჟების ქორწილი!


არაფერი დაგრჩენოდეთ
ღვთის წინაშე უთქმელი...
მრევლი გყავდეთ ბედნიერი
მამა-ღმერთის კურთხევით!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა