თუ გაზახული დაიგვიანებს » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

თუ გაზახული დაიგვიანებს

თუ გაზახული დაიგვიანებს

თოვს... სახურავებზე ისვენებენ თეთრი ფიფქები. შიშველი ხეები თოვლით ითბობენ ტოტებს. ელექტროსადენებზე სხედნან ბეღურები. ბუხრებიდან სველი კვამლი მიიკლაკნება ცისკენ. სიჩუმეა, მხოლოდ ძაღლების ყეფა მოისმის ხანდახან. ელექტროსადენებზე შემომსხდარი ბეღურები ამინდზე საუბრობენ. “გამოდარებას არ აპირებსო”_ იუწყება ერთი.
ისევ თოვს... ისევ ცივა...
ვისთვის რომანტიკაა და ვისთვის _ უბრალო სიცივე.
არ მიყვარს თოვლი. არ მინდა მსგავსი რომანტიკა. არ მინდა რომანტიკა, როცა გარეთ ბეღურები იყინებიან.
ვერ ვიტან თოვლს. სიკვდილს წააგავს იგი რაღაცით. მართლაც, ბუნების სიკვდილია ზამთარი. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე დგას. მხოლოდ ძაღლები ყეფენ ხანგამოშვებით. ბეღურები აღარ ჭიკჭიკებენ. ბეღურები სხედნან ელექტროსადენებზე და ამინდებზე საუბრობენ. “არ აპირებსო გამოდარებას” _ იფიცება ერთ-ერთი.
მე თბილ ბუხართან ვზივარ და ხელებს ვითბობ. არ მცივა, მაგრამ ბეღურების მშვენივრად მესმის. მე ვიცი რა არის სიცივე. ხშირად გამომიცდია იგი, ზაფხულის თბილ ღამეებშიც კი. მეტიც, ზაფხულში უფრო ძლიერ ცივა ადამიანს ვიდრე ზამთარში.
ახლაც, როცა ბუხრის წინ ვზივარ, ბეღურების დანახვაზე კანკალი ამიტანს. არ მიყვარს ზამთარი. სიკვდილზე მეტად ვერ ვიტან. არ მინდა რომანტიკა, როცა გარეთ ბეღურები იყინებიან.
მაგრამ, რაც არ უნდა ცივი იყოს ზამთარი, მაინც მოვა გაზაფხული. გაზაფხული კი იმდენად მიყვარს, რამდენადაც ზამთარი მძულს. გაზაფხული _ ეს ხილული სასწაულია, ძველისგან ახლის დაბადება, სიკვდილისგან სიცოცხლის წარმოშობა, ეს მკვდრეთით აღდგომაა ბუნებისა, ეს გაზაფხულია. და როდესაც ზამთრის სუსხიან ღამეებში საკუთარ საწოლში ოთხად მოკეცილი ვცახცახებ, გაზაფხულზე ვფიქრობ, გაზაფხულის მეიმედება. ასე გადის ზამთარი _ გაზაფხულის მოლოდინში. მაგრამ ყოველ ზამთარში დგება პერიოდი, როცა თვით ბეღურებსაც აღარ სჯერათ გაზაფხულის დადგომის.
და ახლა, ჩემი ეზოს თავზე გაბმულ ელექტროსადენზე ბეღურები სხედნან და ერთერთი მათგანი იცით რას ამბობს?! _ “გამოდარებას არ აპირებსო”.
ჩვენი ცხოვრებაც ზამთრის სუსხიან ღამეებში გაზაფხულის ლოდინია. ჩვენც, ბეღურებივით, ვსხედვართ ელექტროსადენებზე და გაზაფხულს ველით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგისთვის გაზაფხული ადრე დგება, ზოგისთვის გვიან, ზოგისთვის კი საერთოდ......
იცით, წუხელ მთელი ღამე თოვდა. დილით აივანზე გაყინული ბეღურა ვიპოვნე. მიწაც ვერსად ვნახე, რომ დამემარხა და ჩემი აგავას ქოთანში დავმარხე. ეშმაკსაც წაუღია მიწა! მეტიჩრობაა და მეტი არაფერი! რა შვება უნდა მოგვაროს ზამთრის ღამეში გაყინულ ბეღურას, პატარა ორმომ. მაინც სახსოვარია იგი მოკვდავთათვის, გაზაფხულის მოლოდინში გაყინული ბეღურების სახსოვარი.
მე თუ მკითხავთ, ყველანი ბეღურები ვართ, ოღონდ ყველას საკუთარი ამინდი გვაქვს. ზოგთან მუდამ მზე ანათებს, ზოგთან კი სულ ზამთარია. ბეღურებს იმიტომ შევადარე ჩვენი თავი, რომ ბეღურები ზამთარს არ გაურბიან, სხვა ჩიტებისგან განსხვავებით. ისინი ჩვენსავით ბედის ანაბარა არიან დარჩენილნი, სხედნან ელექტროსადენებზე და ამინდებზე საუბრობენ.
მეც ერთი ბეღურა ვარ, მეც ვზივარ საკუთარ ელექტროსადენზე და ვფიქრობ: რა მოხდება თუ გაზაფხული დაიგვიანებს?!
ადამიანი იმედით ცოცხლობსო _ მართალი ყოფილა _ ახლა მივხვდი, უფრო სწორედ დილით, მაშინ როცა ჩემს აივანზე გაყინული ბეღურა ვიპოვნე. ახლა დანამდვილებით ვიცი, ის ბეღურა უიმედობით გაიყინა.
და მეც არ მინდა გულში უიმედობა შევახედო, მაგრამ, როცა გადაუღებლად თოვს, როცა შენს გვერდით მჯდომი ბეღურა ირწმუნება _ “არ აპირებსო გამოდარებას”, როგორ გინდა დაიჯერო გაზაფხულის არსებობა?!
რა მოხდება, თუ გაზაფხული დაიგვიანებს და თუ მეც მომბეზრდება მოცდა?! თუ უიმედობამ გულის კარი შემომინგრია, თუ ზამტრის სუსხიან ღამეში ჩემს გვერდით მდგომმა ბეღურამ გაზაფხულის არ არსებობაში დამარწმუნა?! წარმოდგენაც კი მზარავს...
მაინც მგონია, ნერვებზე თამაშია ზამთარი, თამაში გაგიჟებამდე, თამაში გაყინვამდე და ვიღაც მაზოხისტებს მოსწონთ იგი. ეს თამაში გაძლებაზეა, მეტალზე მაგარი უნდა იყო, რომ ამ ზამთრის სუსხიან ღამეს არ გაიყინო, უფრო სწორედ, გაზაფხულის გეიმედებოდეს ბოლო წამამდე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება მარტო ზამთარი არაა.
ზოგი ამბობს: “ არ არსებობსო გაზაფხული” _ არ ვიცი. იქნებ ზოგისთვის მართლაც არ არსებობს იგი. ჩრდილოეთ პოლუსზე ხომ მუდამ ზამთარია, მაგრამ იქაც დგება ფორმალური გაზაფხული, მართალია, იქ გაზაფხულზეც ისევე ცივა, როგორც ზამთარში, მაგრამ ის მაინც არსებობს. გაზაფხული რომ არ არსებობდეს ჩვენ თვითონ უნდა მოვიგონოთ იგი, რათა ზამთრის სუსხიან ღამეებში მასზე ვიფიქროთ და გული თუნდაც ცრუ იმედებით ავავსოთ, რომ უიმედობის ადგილი აღარ დარჩეს. მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით, მაგრამ განა ასე ადვილია?!
ელექტროსადენებზე ვსხედვართ შვიდნი და ერთერთი გვეუბნევა _ “გამოდარებას არ აპირებსო”. ვსხედვართ შვიდნი, შვიდივე მარტონი ჩვენს ზამთართან ბრძოლაში. ყეფს ძაღლი ხანგამოშვებით. ბუხრებიდან სველი კვამლი ამოდის და სადღაც იკარგება. გაფითრებული ციდან ფიფქები ეშვებიან სახურავებზე.
ისევ თოვს...
იგვიანებს გაზაფხული...
მაინც მჯერა მისი არსებობობა, მეტიც, ასე გამიგია, ცივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ დგება ყველაზე თბილი გაზაფხული. ისღა დამრჩენია დაველოდო.
მეც ველოდები...
ვზივარ ელექტროსადენზე და მეზობელი მეუბნევა “ გამოდარებას არ აპირებსო”. ის ბეღურა მახსენდება, ქოთანში რომ დავმარხე. ერთი სული მაქვს, იმ ქოთანს როდის გავიტან აივანზე და მოვრწყავ. ასე მგონია, გაზაფხულზე ის ბეღურა მკვდრეთით აღსდგება, რადგან პაწაწინა გულში იმედი გაუჩნდება. ის იმედი, რომელიც ახლა ჩემს და საერთოდ ყველას გულს ახმაურებს.
მჯერა, გაქრება იმედი და გაქრება ადამიანი.
მე ისევ ვზივარ ელექტროსადენზე და ჩემი მეზობელი ისევ მარწმუნებს: ”გამოდარებას არ აპირებსო”
ისევ ყეფს სადღაც ძაღლი ხანგამოშვებით.
ისევ ველოდები გაზაფხულს, რომელიც იგვიანებს...
ისევ თოვს...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა