სენსიტივის ფენომენი ძალა კი არა, სისუსტეა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

სენსიტივის ფენომენი ძალა კი არა, სისუსტეა

სენსიტივის ფენომენი ძალა კი არა, სისუსტეა

ვესაუბრებით მკურნალ-ექსტრასენს ბატონ ზაურ ჭიკაძეს.

-ბატონო ზაურ, როგორც ვიცი, ხართ მკურნალი-ექსტრასენსი და ამავე დროს მუშაობთ ამ თემაზე სამეცნიერო განხრით. ჯერ ორიოდე სიტყვით მოგვახსენეთ ზებუნებრივი უნარის შესახებ.
-ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე, დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთს გეტყვით _ ექსტრასენსს კიდევ ,,სენსიტივს~ უწოდებენ. ეს ზემგრძნობიარე ადამიანის აღმნიშვნელი სინონიმია. ამგვარი პიროვნება ნებით თუ უნებურად აღიქვამს სხვა ადამიანის სულიერ ფიზიკურ ან ორივეს ერთად მდგომარეობას.
-თქვენ წინაპრებიდან ხომ არ გადმოგეცათ ნიჭი და ინტერესი ამ სფეროსადმი, იყო ვინმე ექსტრასენსი თქვენს ახლობლებში?
-მე ამას ფენომენალურ მოვლენას დავარქმევდი. ჩემმა მამიდამ სიზმარში მიიღო ბებიაქალის ნიჭი. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ იგი, გაუნათლებელი ქალი, სრულყოფილად ფლობდა სამკურნალო მანიპულაციებს, ჰქონდა თანამედროვე მედიცინისთვის მიუღწეველი შედეგები.
-მოგვიყევით როგორ და როდის მოხდა მის ცხოვრებაში ამ ფენომენის გამოვლენა.
-როგორც მისი მონაყოლიდან ვიცი სიზმარში მოევლინა ორი კაცი, მაღლები, თეთრ სამოსში გამოწყობილნი. მოგახსენებთ, რომ მამიდას მარიამი ერქვა, ახლობლები კი მაშოს ეძახდნენ. იმათაც ასე მიმართეს: ,,მაშო, ხომ იცი, ჩვენ ვინ გამოგვგზავნა, სოფელში მკითხავი არ ჰყავთ და შენ უნდა იკისრო ეს საქმეო (საუბარია სოფელ კაჭრეთზე). მამიდაც პასუხობს: ,,ძალიან მეჯავრება მკითხავები, არ მინდა ეგ საქმე~. და ისინიც წავიდნენ. გავიდა ცოტა ხანი და ისევ ნახა ის ორი ადამიანი სიზმარში, ახლა უთხრეს ბებიაქალი უნდა გახდე, სოფელს არ ჰყავს ბებიაქალი და არც ახლომახლო არის სადმეო. ამაზე მამიდამ უპასუხა: ,,ეგ კი კარგია, მაგრამ ჩვილი ბავშვი მყავს, ძალიან ახალგაზრდა ვარ, სად უნდა ვიარო სოფელ-სოფელო~, პასუხად მიიღო _ ,,ნუ გეშინია, გიპოვით დამხმარეს, ახლა გაგაღვიძებენ და უარი არ უთხრა დახმარებაზე~. მართლაც უფროსმა ძმამ გააღვიძა _ წამოდი, დედა მშობიარობსო. პირველი მშობიარობა დედისგან მიიღო, ძმა ეყოლა.
-რამდენი წლის იყო მაშინ.
-15-16 წლისა იქნებოდა. იმ დღიდან ბებია-ქალობდა. სულ ერთი იყო, ადამიანი იქნებოდა თუ შინაური პირუტყვი, ყველას ანდობდნენ გავიდა წლები და დედაჩემიც მან მიიღო, როცა მშობიარობდა, ანუ როცა მე გავჩნდი, პირველმა მამიდამ ამიყვანა ხელში. მაშინ უკვე იმ სასწაულებრივი დღიდან 44 წელი იყო გასული.
-რამდენი წელი იცოცხლა?
-103 წელი. უცნაური მაინც ისაა, რომ იგი იყო უბრალო გლეხის ქალი, როგორც სხვები, შრომობდა ბაღში, ბოსტანში, მაგრამ იმ სხვებისგან განსხვავებით, ბამბასავით ნაზი, თეთრი ხელები ჰქონდა. აკეთებდა მასაჟებს საშვილოსნოს დაწევის შემთხვევაში. მახსოვს 15 წლის ვიყავი და ერთხელ ვკითხე, მამიდა, ამას როგორ აკეთებთ-მეთქი. მიჩვენა ხელი და მეუბნება _ ასე უნდა მიატრიალო, მოატრიალო... მე გაკვირვებული ვიყავი _ ესე იგი, ამ ქალმა არაფერი იცის მედიცინაში და ასეთი ბრწყინვალე შედეგები აქვს. თანამედროვე მედიცინის მუშაკები ვერ აკეთებენ ასე სრულყოფილად. ერთხელ კაჭრეთის სამშობიაროში ქალი მშობიარობდა ნაყოფის არასწორი მდებარეობის დიაგნოზით. მამიდა 100 წლის იყო, მახსოვს, მოაკითხეს, თქვენ უნდა დაგვეხმაროთო. მამიდა ეუბნება, ასი წლის ქალს რაღა შემიძლია, ვეღარც წამოვალ ახალგაზრდა ექიმებს მიმართეთო. ისინი თავისაზე იდგნენ, შენ უნდა დაგვეხმაროო; ჩააცვეს თეთრი ხალათი, დააბრძანეს სავარძელში, წაიყვანეს. როგორც იცოდა, გაუსვა ხელები მუცელზე და მალევე ნაყოფი დაიბადა ჯანმრთელი, დედაც თავს კარგად გრძნობდა. ეს მართლაც პარადოქსული იყო. სხვა რამ განათლება კი არა, წერა-კითხვაც არ იცოდა წესიერად, მისი ხელები კი ბრწყინვალედ მოქმედებდნენ. მერე დავასკვენი _ მისი ხელები მოქმედებდა გულის კარნახით, გული _ სხვა რამის კარნახით, იმისა, რაც ჩვენ არ ვიცით.
-ანუ, ამ ქალბატონს გაცნობიერებული არ ჰქონდა როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს...
-არავითარი გაცნობიერება. ხელები თავისით მოქმედებდნენ, უფრო სწორედ, მას რაღაც სხვა ძალა ამოქმედებდა. რადგან იგი კეთილ საქმეს აკეთებდა, ადამიანებს შველიდა, ესე იგი, ეს კეთილი ძალის გამოვლინება იყო.
-მაშინდელ მატერიალისტურ ეპოქაში პრობლემა არ შექმნია?
-არასოდეს. ყველას უყვარდა, პატივს სცემდნენ, დადიოდა სოფელ-სოფელ და ხალხს შველოდა.
-მის წინაპრებში არ გამოვლენილა მკურნალობის ნიჭი? იქნებ ეს საგვარეულოც იყო.
-მამიდას დედა, ანუ ბებიაჩემი იყო ციციშვილის ქალი. მე მაინც მგონია, რომ იგი იყო დიდი ფილოსოფოსის და მკურნალის ფანასკერტელ-ციციშვილის შთამომავალი და მისი ნიჭის რაღაც ნაწილი გამოვლინდა მასში.
-თქვენც ხომ გაქვთ ექსტრასენსული უნარი, რაში გამოიხატებოდა ყველაზე მეტად?
-ბავშვობაში ხშირად უმიზეზოდ ვხდებოდი ცუდად. თუ ვინმე ცუდად იყო, რაიმე სტკიოდა, მისი სატკივარი ჩემზე გადმოდიოდა გარკვეული ხნის მანძილზე. იყო შემთხვევები, მაგალითად, ვიღაცას კუჭი სტკიოდა და მერე მეც ამტკივდებოდა უმიზეზოდ, ფეხის მტკივანთან შეხვედრისას ფეხი ამტკივებია. თუმცა მე ჩემს თავს მაინც არ ვუწოდებ ხმამაღლა არც მკურნალს, არც ექსტრასენსს. მე კვლევის კუთხით მივუდექი ამ საქმეს. ვსწავლობ _ რა არის ეს, ფენომენია? რა არის დადებითი და უარყოფითი მასში, ჩემდაუნებურად სიკეთის მაგივრად ბოროტება ხომ არ გამომივა. ეს ადამიანური მოთხოვნილებაა შევიდეს სხვის მდგომარეობაში, გაითავისოს მისი სატკივარი.
-შეიძლება ასეთი მოთხოვნილება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ მიხვედრას, წვდომას ხომ ნიჭი სჭირდება.
-გამიჭირდება სახელის დარქმევა, მაგრამ ერთს გეტყვით, ეს ძალა კი არა, სისუსტეა. არ ვიცი, რა ხდება სატკივარის გათავისების დროს, ფიზიკური ტკივილი არ არსებობს სულიერის გარეშე. მე, ჩემდა უნებურად, პიროვნების სულიერ სამყაროში ვიხედები, ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს მას არ ავნებს.
-კი, მაგრამ, რა არის მავნებელი იმაში, როცა სვამთ სწორ დიაგნოზს...
-მე მაინც არ მინდა თავი გამოვიდო და დავირქვა ცნობილი მკურნალი, პირადად, მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ვუთხარი ადამიანს: ,,თქვენ გაწუხებთ ესა თუ ის ავადმყოფობა ან ესა თუ ის ორგანო გტკივათ~. ისინი მიდიოდნენ ექიმთან, ექიმი არ ადასტურებდა ამას და რატომ, იცით? ეს იყო ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც არ იყო ჯერ სხეულში გამოვლენილი. ერთხელ რამდენიმე წლის წინანდელი პაციენტის ოჯახის წევრი მეუბნება: გახსოვთ, რომ მითხარით, საკვერცხეები გტკივაო? ეხლა ამტკივდა.
-ე.ი. თქვენ წინასწარ დაგინახავთ.
-დიახ, უფრო სწორედ ეს იყო ადრეული დიაგნოსტიკა იმ დაავადებისა, რომელიც არ იყო გამოვლინებულ-გამომჟღავნებული.
-ეხლა ხშირად გაისმის სიტყვა ,,ბიოველი~, მაინც რა იგულისხმება კონკრეტულად მასში?
-ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში მიდის ელექტრონული პროცესები, რასაც ახლავს შესაბამისი ველის წარმოქმნა. ბიოველი შეიცავს ინფორმაციას ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ. არსებობს აგრეთვე ბიოლოგიური უკუკავშირი, მაგალითად, როდესაც მცენარეები რეაგირებენ მათ მიმართ ,,მტრულად~ განწყობილი ადამიანის მიახლოებაზე. არსებობს ზებუნებრივი სიმპატიების და ანტიპატიების ფენომენი, მაგალითად, მცენარეებში _ კომბოსტოსა და ვაზის ურთიერთდამთრგუნველი ზემოქმედება, ცხოველებში _ ლომის შიში მამლის ყივილისადმი, ან სპილოს შიში გოჭის ჭყვიტინისადმი.
-ალბათ, ზებუნებრივი, მისტიური უნარი ყველა ადამიანში არსებობს, ზოგიერთს უბრალოდ, გამძაფრებული აქვს...
-დიახ, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს აქვს სული, სამშვინველი და სხეული. სული ფიქრობს და ხედავს, სამშვინველი გრძნობს, სხეული განიცდის. ეს სამი რამ თქვენს განკარგულებაშია, ამის იქით არის ღმერთი.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა