დაუპატიჟებელი სტუმარი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

დაუპატიჟებელი სტუმარი

დაუპატიჟებელი სტუმარი

ზაფხულის ცხელ დღეებს მე და ჩემი ოჯახი ზღვაზე გავექეცით. სახლი, სადაც ოთახი ვიქირავეთ, ორსართულიანი იყო, დიდი ეზოთი, დამსვენებლებით სავსე. მოგეხსენებათ კურორტზე გატარებული დღეები: პლაჟი - სახლი - გართობა, მაგრამ ხანდახან სახლის ეზოშიც ვიკრიბებოდით, სხვადასხვა ამბებს ვყვებოდით, ზოგჯერ პოლიტ - ეკონომიასაც განვიხილავდით ხოლმე.
რამდენიმე დღის გავლის შემდეგ ახალი დამსვენებელი ახალგაზრდა კაცი შემოგვიერთდა. იმ საღამოს ყველა სახლში აღმოვჩნდით და ჩვეულებისამებრ ეზოში მდგარ დიდ მაგიდასთან მოვიყარეთ თავი. ცოტა ღვინოც მივირთვით და სალაყბოდ მოვიმართეთ. ერთერთმა შინაური ცხოველების თემა შემოაგდო. ამაზე ახალი დამსვენებელი გამოცოცხლდა, შარშანწინდელი ამბავი გამახსენდაო - წამოიძახა.
- აბა, რას გვეტყვი საინტერესოს - გამოეპასუხა ერთ-ერთი.
- საინტერესოსი რა მოგახსენოთ, როცა მახსენდება, ხასიათი მიმძიმდება - ნაღვლიანად უპასუხა ახალგაზრდამ.
- მოყევი, უკვე დაგვაინტერესე! - შეუძახეს სხვებმაც.
ახალმა დამსვენებელმაც დაიწყო:
- „ შარშანწინ ზაფხულს სამეგრელოში ვიყავი სტუმრად ნათესავებთან, მოგეხსენებათ სამეგრელოს სილამაზის ამბავი, თან ჩემს ახლობლებს დიდი ბაღი აქვთ, პატარა მეურნეობაც. მდინარეც ახლოს იყო მათ სახლთან და რასაც ჰქვია, გემრიელად ვისვენებდით. როცა რაიმეს ყიდვა იყო საჭირო, ცენტრში ჩავდიოდი.
ერთხელაც ამგვარი სეირნობის დროს ძაღლი დავინახე. არაფრით იყო გამორჩეული, თავიდან რატომ მიიქცია ჩემი ყურდღება, ვერ გეტყვით. ცხოველები მიყვარს, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ ჯიშებში ვერ ვერკვევი. ისე, არც დაიკვეხნიდა დიდ ჯიშიანობას. ცოტა აკლდა, რომ წელამდე მომწვდენოდა, თავზე ბეწვი მატყლივით ადგა. ერთ გარემოებასაც მივაქციე ყურადღება: ყურები ჰქონდა წაჭრილი. “მეცხვარეებს გამოეპარა ან გამოაგდეს“ - დავასკვენი ჩემთვის. თუმცა მეცხვარეების ძაღლივით ბუთხუზა, მასიური თათები და თავი არ ჰქონდა, პირიქით, წაწვრილებული წელი და გრძელი თათები ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ღონიერი იყო.
შიოდა, საჭმელს ეძებდა. ხელში ახალი პური მეჭირა, მოვუტეხე და გადავუგდე, მოირბინა, პირი დაავლო, შესანსლა და მადლიერი თვალით შემომხედა.
- ცოდო ხარ, - ვეუბნები. ისე შემომხედა, თითქოს დამეთანხმაო.
წამოვედი, მესმის, მომყვება. - სად მოდიხარ? - გავუბი მუსაიფი, - მე აქ არ ვცხოვრობ. ვისთანაც ვარ სტუმრად, ისინი მიგიღებენ?
ენაგადმოგდებული შემომყურებდა, კუდს აქიცინებდა, თითქოს მეუბნებოდა: რა იცი, იქნებადა ძალიანაც მოვწონვარ შენს მასპინძლებსო.
აღარ გავაგრძელე მუსაიფი. წამოვედი შინისკენ. ჭიშკართან რომ მივედი, მივიხედე, ისევ მოცუნცულებდა ჩემს უკან.
„აღარ მომეშვა“ - თავის მართლება დავიწყე ეზოში შესულმა. ოჯახის უფროსს უყვარს ცხოველები, რამხელაა და რა მშვიდი, გვესტუმროს ცოტა ხნით - თქვა და შემოუშვა ეზოში, - მერე გავისტუმროთო. უცნაური ის გახლდათ, რომ ძაღლმა დიდი ხნის მოშინაურებულივით დაიწყო ეზოში სიარული, ქათამსაც კი არ გაეკარა ახლოს, თვალებში შემოგვციცინებდა. მოსაღამოვდა, საჭმელი მივართვით და ეზოს გარეთ გავიყვანეთ.
ვერავინ იტყვის, როგორ მოახერხა, რა მოხდა, დილით თხის სადგომთან დაგვხვდა, გაწოლილიყო და იქ გაეტარებინა ღამე.
- რომ მოინდომოს, ერთ წუთში გაგლიჯავს და მიირთმევს - შენიშნა მეზობელმა კაცმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ სცენას, - ამან კი უდარაჯა თხას. ალბათ მართლაც მწყემსებს ჰყავდათ, სუნით მივიდოდა თხის სადგომთან.
ჩემმა ნათესავმა უკვე ბუზღუნი დაიწყო: ახლა ესღა გვაკლდა, არ გვშორდება, რამე უნდა მოვახერხოთ, გავაგდოთო. ძაღლი ვერ ისვენებდა, დარბოდა, დახტოდა პატარა ლეკვივით, თითქოს ამბობდა: უკვე თქვენი ვარო. მიდი, მიდი! - გასძახა მასპინძელმა, - გეყოფა!
ჩემს თავზე ავიღე მისი გასტუმრება, რადგან მე მომყვა. ჭიშკრისკენ გამოვუძეხი, - წამო - ვეუბნები - გეყოფა სტუმრობა, ვერ დაგიტოვებენ.
ძაღლი ერთხანს მომყვებოდა; როცა ჭიშკარს მივუახლოვდით, მოვბრუნდი და რას ვხედავ: დგას და მიყურებს.
- „ მიხვდა, რომ ვაგდებ“ - გავიფიქრე.
წამო! - მივაძახე, გავაღე კარი და მაგალითიც ვუჩვენე: გავედი. ერთ პოზაში გაქვავდა, შემართული იდგა, თვალს არ მაშორებდა. – „არ მინდა წასვლა, თქვენთან მინდა, აქ ვიქნები“ - ამბობდა თითქოს.
- კაი, გეყოფა, - ვუთხარი და მივუახლოვდი, მოვუარე და გადი მეთქი - დავძახე.
გავიდა, მაგრამ ახლა ჭიშკარს იქით დადგა ერთ ადგილას. ახლა აღარ იყო ისე შემართული. შეკითხვის გამომხატველი თვალით შემომხედა. ‘მართლა მაგდებ?“ - მეკითხებოდა.
უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს გონიერი არსება, ადამიანი მანიშნებდა რაღაცას.
ჭიშკარი დავკეტე და გამოვბრუნდი. სახლს რომ მოვუახლოვდი, მოვტრიალდი, ისევ იმ ადგილას იდგა. ცოტა ხანში ნაბიჯი გადმოდგა ჭიშკრისკენ, მოუახლოვდა. გამიღეთო - ამბობდა მისი მოძრაობა.
მასპინძლებს შევჩივლე: რა ვქნა, არ მიდის მეთქი.
მეზობელი წამოგვეშველა, ჩემს ძაღლს მივუქსევო. გამოიყვანა, მიუქსია. იმას კი ნაბიჯიც არ მოუცვლია, თან მეზობლის ძაღლთან შედარებით აშკარად ძლიერი იყო და გულგამაგრებული დადგა. „აბა, თუ ბიჭი ხარ, მოდიო“ - ანიშნა.
მეზობლის ძაღლი აწკმუტუნდა, მიხვდა, ვერ გაართმევდა თავს.
- მიდი, ქსა! მიდი! - აქეზებდა პატრონი.
წაქეზებას ისევ წკმუტუნი და გარეული ძაღლის უბრძოლველად გამარჯვებული იერი მოჰყვა.
- აუ, ამისი! . . . ნერვები მოეშალა მეზობელს, წამოავლო ქვას ხელი და ესროლა, აქედან ჩემები გამოვიდნენ ინიციატივით და ერთობლივი შემართებით შეუტიეს.
ძაღლმა უკან დაიხია.
მის განცდას ვკითხულობდი. არც ქვის შეშინებია, არც შეძახილის, ადამიანის განწყობამ დაახევინა უკან.
მიხვდა, რომ უარყოფდნენ, აგდებდნენ.
კუდი ჩამოეკიდა, რაც დამარცხებას ნიშნავდა, თავი წახარა და ნელა გაუყვა გზას.
თვალს ვერ ვაშორებდი. ერთხელ შედგა, მოიხედა, თითქოს თვალი შეავლო ეზო - გარემოს, სადაც მის ბინადრებთან ერთად დაბინავება ეწადა, მერე ისევ გააგრძელა გზა.
არ მეგონა, ვერც ვიფიქრებდი, რომ ცხოველი შეიძლებოდა მორალურად დამარცხებულიყო, ეს რომ ვინმეს ეთქვა, დავცინებდი. ხასიათი გამიფუჭდა, გული მომიკვდა. მიდიოდა ნელ-ნელა, ბოლოს თვალს მიეფარა.
ცრემლი მოგვადგა მსმენელებსაც და მთხრობელსაც.
მას მერე აღარ გინახავს? - ჰკითხა ერთ-ერთმა.
- ერთხელ დავინახე ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან ერთად, ძველი სახაშის გარშემო ტრიალებდნენ, ალბათ იქ რაიმე საკბილოს პოულობდნენ ხოლმე.
- ეს ამბავი შარშანწინ მოხდა, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება - თქვა დასასრულს მთხრობელმა, - იქნებ ცხოველის მიერ ესოდენ ადამიანური ემოციების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია და მე ამ შემთხვევის წყალობით დავაკვირდი? ალბათ ასეა. ზუსტად ვიცი, ის დღე არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა