შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 3) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 3)

შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 3)

ამ უკანასკნელ დღეს ნათლად ვიგრძენი,რომ შენგან შორს ცხოვრება არ შემეძლო.სად უნდა მეძებნა ხსნა,თუ არა შენთან?რა ხდებოდა მაშინ ჩემს გულში,შემეძლო თუ არა საერთოდ ნათლად მეაზროვნა სასოწარკვეთილების ამ წუთებში – ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გეტყვი,მაგრამ უეცრად,როცა დედა შინიდან გავიდა,ავდექი და,როგორც ვიყავი სასკოლო კაბაში გამოწყობილი,შენკენ გამოვეშურე.არა,კი არ მოვდიოდი,რაღაც საბედისწერო ძალა მიბიძგებდა შენი კარისკენ,თუმცა მუხლები მიკანკალებდა და ფეხებს ძლივს მივათრევდი.უკვე გითხარი,თვითონ არ ვიცოდი,რა მსურდა:დავმხობილიყავუ შენს ფერხთა წინაშე და შემოგვედრებოდი,რომ მსახურად,მხევლად დაგეტოვებინე?..ვშიშობ, თხუთმეტი წლის გოგონას ეს უცოდველი ფანატიზმი მხოლოდ ღიმილს მოგგვრის.მაგრამ,საყვარელო,ღიმილი უთუოდ მაშინვე სახეზე ჩაგიქრება,როგორც კი შეიტყობ,როგორ ვიდექი მაშინ გარეთ,გაყინულ ბაქანზე,შიშით გათანგული,მაგრამ რაღაც შეუცნობელი ძალა მაინც წინ მეწეოდა;შემდეგ როგორ ძალდატანებით ავწიე ათრთოლებული ხელი,თითქოს სხეულიდან ამეგლიჯოს, – ეს იყო ბრძოლა,რომელიც რამდენიმე საშინელ წამს გრძელდებოდა,მე კი მარადისობად მომეჩვენა, – როგორ დავაჭირე თითი ზარის ღილაკს.დღემდე ყურებში მიდგას მისი მჭახე წკრიალი და შემდეგ ჩამოვარდნილი სიჩუმე;გულმა ძგერა შეწყვიტა,სისხლი გამეყინა,სმენად გადავიქეცი – მოდიოდა თუ არა.
მაგრამ შენ არსად ჩანდი.ოთახიდან არავინ გამოსულა.ალბათ შინ არავინ იყო.იოჰანი თუ საყიდლებზე წავიდა.ყურებში აწ დადუმებული ზარის წკრიალი ჩამესმოდა,როდესაც თითის წვერებზე დავბრუნდი დაცარიელებულ სახლში და რომელიღაცა ბოხჩაზე დავეცი მოწყვეტილი.ოთხიოდე ნაბიჯმა ისე დამღალა,თითქოს რამდენიმე საათი ღრმა თოვლში მევლო.და მაინც დაოუკებელი სურვილი მქონდა შენი ნახვისა,შენთან დალაპარაკებისა,სანამ სანამ აქედან გამამგზავრებდნენ:გეფიცები,ამ სურვილში ავხორცობა არ იყო გარეული,მაშინ ხომ ჯერ არაფერი გამეგებოდა ამისა სწორედ
იმიტომ,რომ სხვა არაფერზე არ ვფიქრობდი,შენ გარდა:მინდოდა მხოლოდ მენახე,კიდევ ერთხელ მენახე და ჩაგბღაუჭებოდი.მთელ ღამეს,მძელ ამ გრძელი საშინელ ღამეს გიდარაჯე,საყვარელო.როგორც კი დედა ლოგინში ჩაწვა და ჩაეძინა,წინკარში გამოვიპარე და ყურს გიგდებდი,მოხვიდოდი თუ არა.მთელ ღამეს,იანვრის გათოშილ ღამეს გიცადე.მოვიქანცე,მთელი სხეული მიკვნესოდა.სკამი აღარ იყო,დავმჯდარიყავი.ამიტომ ცივ იატაკზე გულაღმა დავწექი.კარის ქვევიდან სუსხიანი ქარი უბერავდა.თხელი კაბის ამარა ვიწექი ცარიელ ცივ ფიცრებზე,საბანი თან არ წამიღია,მეშინოდა,ჩამთბარს არ ჩამეძინოს და მისი ნაბიჯები არ გამომეპაროს-მეთქი.ოჰ,როგორ მტკიოდა მთელისხეული,ფეხები მეკრუნჩხებოდა,ხელები მიკანკალებდა.ხშირად იძულებული ვხდებოდი ავმდგარიყავი,ისე ციოდა ამ საშინელ წყვდიადში!მაგრამ მაინც გიცდიდი და გიცდიდი,როგორც საკუთარ ბედს უცდიან ხოლმე. ბოლოს – ალბათ დილის ორ თუ სამ საათზე – გავიგონე,როგორ გააღო ქვევით სადარბაზო კარი და შემდეგ კიბეზე ნაბიჯების ხმა მოისმა.თითქოს სიცივე სულ არ ყოფილიყოს,უცებ ალმური მომედო,კარი ფრთხილად გამოვაღე,რათა შემოგგებებოდი და ფეხქვეშ ჩაგვარდნოდი…ოფ,არ ვიცი,რას არ ჩავიდენდი მაშინ,სულელი გოგო!ნაბიჯები ახლოვდებოდა.სანთლის შუქი გამოკრთა.ათრთოლებული ხელით კარის სახელურს ჩავეჭიდე.შენ იყავი თუ ვინმე სხვა? ჰო,ეს შენ იყავი,საყვარელო,მაგრამ მარტო არ ყოფილხარ,მომესმა ჩუმი სიცილი,აბრეშუმის კაბის შრიალი და შენი წყნარი ხმა – შინ რომელიღაც ქალი მოიყვანე. არ ვიცი,როგორ გავათენე ის ღამე.მეორე დილას,რვა საათზე,ინსბურკში წამიყვანეს.მეტი ძალა აღარ მქონდა წინააღმდეგობის გასაწევად.წუხელის შვილი მომიკვდა.ახლა ისევ მარტოდმარტო ვიქნები,თუ სიცოცხლე კვლავ მიწერია.ხვალ გამოცხადდებიან შავოსანი,უცხო,უხეში ადამიანდები.ისინი კუბოს მოიტანენ და შიგ ჩაასვენებენ საცოდავ დედისერთას.ალბათ მეგობრებიც მოვლენ გვირგვინებით,მაგრამ რისი მაქნისია ყვავილები,როცა მათ კუბოზე ალაგებენ?დამიწყებენ დამშვიდებას,მეტყვიან ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს…მაგრამ რას მიშველიან?ვიცი,რომ შემდეგ მაინც სულ მარტოდმარტო დავრჩები.რა არის იმაზე საშინელი,ხალხში იყო და თავს ობლად გრძნობდე!ეს მე მაშინ გამოვცადე,ინსბურკში გატარებული ორი დაუსრულებელი წლის განმავლობაში (თექვსმეტი წლისა ვიყავი,როცა ამ ქალაქში გადავსხლდით):საკუთარ ოჯახში პატიმარივით,განკიცხულივით ვცხოვრობდი.მამინაცვალი,მეტად მშვიდი და ჩუმი ადამიანი,კარგად მექცეოდა.დედა ყოველნაირად ცდილობდა ვესიამოვნებინე,თითქოს უნებლიე დანაშაულის გამოსწორება უნდოდა.ახალგაზრდა ვაჟები ფუტკარივით მეხვეოდნენ,მაგრამ ყველას პირქუში სიჯიუტით ხელს ვკრავდი.შენგან დაშორებულს არ მინდოდა ბედნიერი და კმაყოფილი ვყოფილიყავი – თავი დავიმარხე ტანჯვისა და სიმარტოვის ბნელ სამყაროში.ახალ ფერად-ფერად კაბებს,რომელთაც ჩემთვის ყიდულობდნენ,არ
ვიცვამდი.კონცერტებზე,წარმოდგენებზე ან მხიარულ საზოგადოებასთან ერთად ქალაქგარეთ სასეირნოდ წასვლაზე უარს ვაცხადებდი.ქუჩაში არც კი
გავდიოდი.დამიჯერებ თუ არა,საყვარელო,რომ ამ პატარა ქალაქში,სადაც ორი წელიწადი ვიცხოვრე,ათიოდე ქუჩაც კი არ ვიცი?მე ვგლოვობდი,მინდოდა მეგლოვა,თავს ვიბრუებდი ახალ-ახალი სატანჯველით.ამით შეგნებულად ვიღრმავებდი ყველაზე მთავარ ტანჯვას:შენინახვის შეუძლებლობას!გარდა ამისა,არ მსურდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა,მინდოდა მარტოოდენ შენით მეცხოვრა,შენით მესულდგმულა.მთელი საათობით,მთელი დღეობით შინ ვიჯექი მარტოდმარტო და ერთადერთი,რაც თავში მიტრიალებდა – ეს შენ იყავი.ვცდილობდი გონებაში აღმედგინა ასობით წვრილმანი,ყოველი შეხვედრა,ყოველი ჩემი მოლოდინი და საკუთარ წარმოსახვაში,როგორც სცენაზე,ეს პატარა ეპიზოდები გამეთამაშა.რადგან წარსულის ყოველი წუთი დაუსრულებლად მეორდებოდა ჩემთვის,მთელი ჩემი ბავშვობა ერთ მწველ მოგონებად ჩამომიყალიბდა მეხსიერებაში,და ამ გარდასულ დღეთა ყოველ წუთს ისე მხურვალედ,ისე მღელვარედ განვიცდიდი,თითქოს მხოლოდ გუშინ აეჩქეფებინოს ჩემთვის სისხლი.ვცხოვრობდი მაშინ მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს;შენს სახელს
გაზეთში რომ შევხვდებოდი,ეს ჩემთვის დღესასწაული იყო.დამიჯერებ თუ არა – შენს წიგნებს ისე ხშირად ვკითხულობდი,რომ მათი ყოველი სტრიქონი ზეპირად ვიცი.ღამე რომ ვინმემ გამაღვიძოს და მათგან ამოგლეჯილი რომელიმე სტრიქონი წამიკითხოს,მე დღესაც შემიძლია,დღესაც ცამეტი წლის შემდეგ,სულ სხაპასხუპით განვაგრძო,რადგან ყოველი შენი სიტყვა ჩემთვის სახარება,ლოცვა იყო.მთელი სამყარო მხოლოდ იმდენად არსებობდა ჩემთვის,რამდენადაც შენთან იყო რაიმეთი დაკავშირებული.ვენის
გაზეთებში კონცერტებსა და პრემიერებს მხოლოდ ერთი რამისთვის ვადევნებდი თვალყურს:მსურდა ამომეცნო,რომელ მათგანს შეიძლებოდა შენში ინტერესი აღეძრა.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: gubeladze 8 სექტემბერი 2014 01:24 | კომენტარები: 32 | სიახოლეები: 46
თუ გაგრძელება გინდათ კომენტარი მაინც დაწერეთ(თუარ შეწუხდებით).


ავტორი: gubeladze 13 ნოემბერი 2014 14:55 | კომენტარები: 32 | სიახოლეები: 46
სიახლის კომენტარებში დაწერეთ და პასუხს გაგცემთ შედარებით მალე facebook_იდან არ ჩანს დატოვებული კომენტარი და იმიტომ ვერ გაგეცით პასუხი,თუ გსურთ ისევ დაწერეთ კომენტარი და დავამატებ 4 ნაწილსაც.


ავტორი: აუტანელი 20 იანვარი 2015 20:52 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 5
miyvars es romani <3 tragikuli dasasrulit...ar mesmis am kacis love magram guls ver ubrdzaneb

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა