მთათ ძილი – ვაჟა–ფშაველა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მთათ ძილი – ვაჟა–ფშაველა

მთათ ძილი – ვაჟა–ფშაველა

ხევებში ჩაწვა ნისლები,
განზედ დაყრილან მთანია,
ერთურთზე მიქადლებულნი,
როგორც ერთგულნი ძმანია.

მთვარე ცას შემოსწყრომია,
წყალი ჩაჰხუის შორადა,
ტირილად მესმის ჩხრიალი
მისი ხევიდამ ორადა.
აგერა კიდევ იშხივლა,
სული ამოჰხდა სწორადა!

ნამი უმცვრევავ მწვანეზედ
ნისლებს ნასტუმრალთ, მრავალთა,
თან ნამის, სიოს მზიდველთა
შავთა, შავფერად მავალთა.
შეჰკედლებიან მთათ სამზღვრებს
ორბნი, არწივნი, ფრთიანნი;
გავსილა ფრინველებითა
მთების ლოგინი, კლდიანი.

იმათაც დასძინებიათ
ნისკარტდაშვებით, მხრებითა,
წყნარად ჩამოდის ჯიხვები
ვიწრო ბილიკებ–გზებზედა;
ბულულა გარინდებულა
ერთად პირ–ნათლის ძმებითა.

შავის მანდილით შეკრულა
ხევ–ხუვი, მთისა ყელები,
ცის ტატნად მისდევს მთის წვერებს
ნელ–სხივნი, როგორც გველები.

აღარსად ცეცხლი ანთია
მწყემსის ფარეხის პირშია...
შორს სამ აყმუვლდა ნადირი
ხშირის ჩონჩხების ძირშია.

აღარსად გუშაგები ჩნან,
მთის პირთ დარაჯად მდგომარედ,
აღარც ნაკვანძი ბალახი,
მტრისა ნავალის მხსომარედ.

ვარსკვლავნი მთის წვერთ სწვევიან,
ეუბნებიან ნანასა:
თქვენს მტერსამც მაჰკლავს სიკვდილი,
ყელშიმც დასცემენ დანასა;
თქვენს მეტი არვინ გვიამბობს
ხმელეთის, წყლეთის ამბავსა.

მარცხნით გერგეტი ამდგარა,
მეფე მეფურად მზირალი,
მარჯვნით ბორბალა ერყევა,
როგორც ობოლი მტირალი...

აგერ ნისლებიც დაიძრა,
როგრც სულები მკვდრებისა,
ცაზედ ვარსკვლავნი დაბნელდენ,
დაბლა – თავები მთებისა.

აღარა გამიგია რა
აქ გასავალის გზებისა!...
მთათ სძინავთ, არ იღვიძებენ,
შიში არა აქვთ მტრებისა!...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა